Homeმოსაქნევიმოქნევით თევზაობა

მოქნევით თევზაობა

მოქნევით თევზაობა,

ძვირფასო ფორუმელებო, ალბათ არ მოიძებნება ჩვენს შორის მეთევზე, რომელსაც ბავშვობაში მაინც არ უთევზავია მოსაქნევი ანკესით. ბევრი ჩვენთაგანი ეხლაც სიამოვნებით თევზაობს ამ სტილით. ჩვენ ფორუმზე ვფიქრობ ღირსეული ადგილი ეკუთვნის “მოქნევით” თევზაობას და ამიტომ მას ცალკე განყოფილება დავუთმეთ, სადაც განვიხილავთ როგორც ამ სტილის საფუძვლებს, ასევე მისი თანამედროვე, სპორტული მიმდიანრეობის ასპექტებს. ამ თემაში კონკრეტულად ვისაუბრებთ მოსაქნევ ანკესებზე.

pnin1.jpg

მოსაქნევი ანკესი

მოსაქნევი ანკესის ჯოხი ყველაზე მარტივი და შედარებით იაფია, ამიტომ ტივტივათი თევზაობის  ყველაზე პოპულარული აღკაზმულობაცაა.  ”მოქნევით” თევზჭერაზე მრავალი სტატიაა დაწერილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრ დამწყებ და თუნდაც საკმარისად გამოცდილ ტივტივათი მოთევზავეს დაახლოებით ერთი და იმავე სახის კითხვები უჩნდება, რომლებზე პასუხის გაცემასაც ამ მასალაში შევეცდებით. მოსაქნევი ანკესი ძალიან კომფორტულია სანაპირო ზონაში თევზაობისას. ეფექტურია იგი ასევე მაშინ, როდესაც ვთევზაობთ ნავით იმ წყალსატევებზე, სადაც არ არის  ძლიერი დინება (ან საერთოდ არ არის). მოსაქნევი ანკესი ეფექტურია ასევე ისეთ პირობებში თევზაობისას,  როგორიცაა,  მაგალითად ციცაბო ნაპირთან თევზაობა, წყალში დგომით თევზაობა  და ა.შ.

ამ მასალაში შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ გადმოვცე ყველა ის ძირითადი მომენტი, რომლებიც ეხება მოსაქნევი ანკესის შეძენასა და სამოყვარულო თევჭერას ”მოქნევით” (თევზჭერის სხვადასხვა ასპექტის დეტალურ განხილვას მიეძღვნება ცალკე სტატიები). ვისაუბრებთ არა სპეციალიზებული მოსაქნევი ანკესების შესახებ, რომლებიც განკუთვნილია რაიმე სახის სპეციფიკური თევზჭერისთვის (მაგალითად, კობრის ჭერისთვის), არამედ საშუალო ზომის თევზის ჭერისათვის განკუტვნილ  უნივერსალურ ”მოსაქნევ ჯოხზე” , რომლის შეძენითაც ჩვეულებრივ იწყება ხოლმე გატაცება ტივტივიანი ანკესით.

ანკესის შერჩევა

ანკესის ჯოხის სირგძე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იმ თევზის ამოყვანის შესაძლებლობა გვქონდეს, რომელიც ნაპირიდან მოშორებითაა, არამედ იმიტომაც, რომ პირიქით – არ შევეცადოთ გრძელი, მძიმე ანკესით იმ თევზის დაჭერას, რომელიც ხშირად ლამის ”ფეხებში გვედება” და არ სურს სიღრმეში , ნაპირიდან მოშორებით წასვლა. გამოცდილების საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ უმრავლეს შემთხვევაში  ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ  5 და 7-მეტრიანი მოსაქნევი ანკესები. გირჩევთ, ორივე შეიძინოთ, თუნდაც იმ მოსაზრებით, რომ სათევზაოდ წასვლა ერთი ანკესით სარისკოა – შეიძლება გაგიტყდეთ. ამ სიგრძის ანკესები შედარებით მსუბუქია, ამიტომ თუკი თევზი ნაპირიდან შორსაა, ანკესი შეიძლება ცალი ხელით დაიჭიროთ და წყალში მდგარმა ითევზაოთ.  უფრო გრძელი ანკესის ჯოხები აუცილებელია იმ შემთხვევებში, როცა თევზიც შორსაა და წყალში შესვლაც შეუძლებელია ნაპირის სპეციფიკიდან  გამომდინარე.  თუკი რაიმე მიზეზით თქვენ ირჩევთ  თევაზობას მსგავს წყალსატევებზე, მაშინ, რასაკვირველია, მოგიწევთ ”გრძელი მოსაქნევის”, ესე იგი 8-10 მ. სიგრძის ანკესის შეძენა. მაგრამ გავიმეორებ, რომ უმრავლეს შემთხვევაში  ამოცანას თავს გაართმევთ მოკლე და საშუალო ზომის მოსაქნევითაც.

სიმძლავრე

ანკესის  სიმძლავრესთან დაკავშირებით მკაფიო წარმოდგენა უნდა გქონდეთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ თევზაობისას მისი გატეხვის რისკი ნაკლები იყოს, და ამასთან, მაქსიმალური სიამოვნება  მიიღოთ აღკაზმულობის მართვით და იმის შეგრძნებით, თუ როგორ გეწინააღმდეგებათ თევზი, როცა ის წყლიდან ამოგყავთ.  მოსაქნევი ანკესით თევზაობის ამ ძირითად ესთეტიკურ ელემენტს ერთმნიშვნელოვნად მოკლებული იქნებით, თუკი არც ისე მსხვილ თევზზე ”უხეში” (არადრეკადი) ანკესით თევზაობთ.  გამოცდილი მეთევზისათვის ანკესზე ერთი თვალის შევლებაც საკმარისია , რომ მისი სიმძლავრე დაახლოებით მაინც შეაფასოს. სრულიად გამოუცდელს ესაჭიროება გამყიდველის კონსულტაცია ან ტესტი (აღკაზმულობის წონის რეკომენდებული დიაპაზონი), რომელიც  მითითებულია ზოგიერთ მოდელზე (თუმცა ეს არც ისე ხშირად ხდება და უფრო მიღებულია სპინინგისთვის. უმეტეს შემთხვევაში  (და ეს უფრო კორექტულიცაა) სიმძლავრე ასახულია ანკესის ჯოხების სერიის დასახელებაში. ხშირად 5- და 7-მეტრიანი მოსაქნევი ანკესით თევზაობისას სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით მოგიწევთ   1,5- 4 გ. დატვირთვის მქონე აღკაზმულობის გამოყენება, სწორედ ამაზე უნდა იყოთ ორიენტირებული.

წონა და წყობა 

მრავალი ფირმა უშვებს ანკესების სხვადახვა სერიას, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება წონითა და წყობით. უკიდურეს ვარიანტებში ესაა რბილი და მძიმე (სწორედ ესენია ყველაზე იაფი) და მსუბუქი და ხისტი (ყველაზე ძვირი). ეს უკანასკნელი სახეობა მზადდება ყველაზე მაღალი მოდულის ნახშირბოჭკოსგან (მისი მარკა ჩვეულებრივ, მითითებულია ანკესის ბლანკზე). მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ისინი ყველაზე მყიფეცაა, დიდხანს ვერ ძლებს და ფაქიზ მოპყრობას მოითხოვს, რაც ხშირად ვერ ხერხდება სამოყვარულო თევზაობის დროს. ამიტომ როგორც პრაქტიკულობის, ისე ბიუჯეტის კუთხითაც უმჯობესია  შევჩერდეთ საშუალო ფასის სერიებზე.

kolesnikov.jpg

სერვისი

მოდელის არჩევისას ასევე აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ადრე თუ გვიან ანკესის ჯოხის გატეხვა გარდაუვალია. ამიტომ შეეცადეთ, რომ ანკესი იყიდოთ იქ, სადაც აქვთ გატეხილი მუხლების სწრაფად შეცვლის პრაქტიკა (ამის შესახებ უმჯობესია ჰკითხოთ ნაცნობებს ან გაიკითხოთ ”მეტივტივეთა” ფორუმებზე).  ანკესის შეძენისას ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ თითოეული მუხლი – ხომ არ არის იქ მიკრობზარები, ნაფხაჭნები და ნახშირბოჭკოს შემაერთებელი მასალის დეფორმაციები.

ანკესის ელემენტები

ყურადღება მიაქციეთ ანკესის ჯოხის წვეროს. ჩვეულებრივ, ”ჯოხი” ბოლოვდება თხელი და ძალიან დრეკადი, ბოლო მუხლში ჩაწებებული მონოლითური შოლტით. მაგრამ ხშირად ისეც ხდება (განსაკუთრებით იაფ მოდელებში),  რომ  ბოლო მუხლი ღრუ და ხისტია მონოლითური ჩანართის  გარეშე. გამყიდველმა ეს შეიძლება ამგვარად ახსნას – ეს იმისთვისაა, რომ სურვილის შემთხვევაში შეძლოთ ზედა მუხლში დრეკადი შოლტის ნაცვლად რეზინის ამორტიზატორის გამოყენება, როგორც შტეკერზე. ეს სისულელეა! უკიდურეს შემთხვევაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩემს იმ მრავალ ნაცნობს შორის, რომლებიც მოქნევით თევზაობის მოყვარულები არიან, ამგვარი ვარიანტი არ შემხვედრია. თანაც წვერში არსებული ღიობიც მეტად მცირეა ამისთვის. სინამდვილეში, წვერის მსგავსი ვარიანტი დამახასიათებელია იაფი მოდელებისათვის, რომლებიც გათვლილია მასობრივ მყიდველზე, უმთავრესად რეგიონებიდან, სადაც ჯერ კიდევ არ ენდობიან (და სრულიად უსაფუძვლოდ!) წვრილ მონოლითურ ბოლოებს. ანკესის ჯოხი მეტისმეტი დატვირთვის შემთხვევაში ხშირად  ტყდება წვეროდან მეორე მუხლში, ხოლო წვრილი და მოქნილი, დრეკადი წვერო   სათევზაო მონტაჟს უფრო მგრძნობიარეს ხდის და  შესაძლებლობას იძლევა, გამოიყენოთ უფრო წვრილი, დახვეწილი აღკაზმულობა. ამიტომ, თუკი მსგავს ანკესს ყიდულობთ და აპირებთ ითევზაოთ  ნაფოტაზე, კაპარჭინაზე, კარჩხანაზე, დაუყოვნებლივ შეიძინეთ საჭირო სისქის მოქნილი, დრეკადი შოლტი (რომელსაც მრავალი ცნობილი ფიმრა აწარმოებს) , გაქლიბეთ ანკესის წვერო საჭირო ადგილამდე და ჩააწებეთ ”ეპოქსიდით” ეს შოლტი.

lan.jpg

თუკი ყველაფერს ისე დავტოვებთ, როგორც არის და კონექტორს უშუალოდ ღრუ წვეროზე დავამაგრებთ, ანკესი იქნება უხეში, არადრეკადი და დელიკატური აღკაზმულობის გამოყენებას ვერ შეძლებთ, შესაბამისად, თევზის წყლიდან ამოყვანასთან დაკავშირებული შეგრძნებებიც არასრული იქნება. ამიტომ, თუკი არ გიყვართ ”ეპიქსიდთან” წვალება ან არ იცით, სად შეიძინოთ ელასტიური ჩანართი ზედა მუხლისთვის, უმჯობესია, იყიდოთ ანკესი ზედა მუხლის უკვე დასრულებული კომპლექტაციით. ახლა, როდესაც ანკესი უკვე იყიდეთ, შოლტის ბოლოს უნდა მიამაგროთ კონექტორი, თუკი ის იქ არ არის. ყველაზე ხშირად გამოიყენება ორი სახის კონექტორი:  პირველი წარმოადგენს  წვრილი  რეზინის (ან სხვა მსგავსი მასალის ) 3-5 სმ. ჩამონაჭერს , რომელიც შოლტის ბოლოზე დაიხვევა ძაფის და ეპოქსიდის გამოყენებით. კონექტორს, თავის მხრივ,  ”მახრჩობელა მარყუჟით” მიმაგრდება ძირითადი ძუა. იმისათვის, რომ ძირითადი ძუის მაფიქსირებელი მარყუჟი არ ჩამოცურდეს (ეს იშვიათად ხდება), შეიძლება კონექტორის ბოლოზე გაკეთდეს ნასკვი და მასზე დავაწვეთოთ ეპოქსიდი. ხშირი თევზაობის ერთ-ორი სეზონის შემდეგ ამგვარი კონექტორი ცვდება, რის შემდეგაც მას ფრთხილად ჩამოჭრიან შოლტიდან სამართებლის პირით და აკეთებენ ახალს;

მეორე კონექტორი საფირმო წარმოებისაა, იყიდება ტივტივების აქსესუარების განყოფილებაში და პატარა ცილინდრის (1 სმ) ფორმა აქვს , რომლის შიდა დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს შოლტის ბოლოს სისქეს. ძირითადი ძუის მარყუჟს უბრალოდ ჩამოაცმევთ სპეციალურ კავზე და დახურავთ პატარა ქუროთი. უმჯობესია, სწორედ ასეთი,   ცნობილი ფირების  გამოშვებული  კონექტორები შეიძინოთ – მათ სხვადასხვა ზომის დიამეტრი აქვთ და სპეციალური, არა მყიფე პლასტმასისგანაა დამზადებული.    მე გირჩევთ კონექტორების მეორე ვარიანტს (როგორც უფრო მარტივს). პირველი ვარიანტის (რეზინის)  გამოყენება მიზანშეწონილია, თუკი შოლტი საკმაოდ მძლავრია. ამ შემთხვევაში კონექტორი ამორტიზატორის როლსაც შეასრულებს, რაც შესაძლებლობას იძლევა, გამოიყენოთ უფრო დელიკატური აღკაზმულობა.   თევზაობისას ისეც ხდება, რომ ცუდად დაწებებული კონექტორი ძვრება ან შოლტის ბოლო ტყდება. იმისათვის, რომ ამ ანკესით თევზაობა გააგრძელოთ, შეიძლება მიმართოთ ძველ და  საკმაოდ საიმედო საშუალებას – ძუას დაამაგრებთ კემბრიკით 10-15 სმ-ით შოლტის ბოლოს ქვევით, გააკეთებთ რამდენიმე ხვეულს შოლტის გარშემო და შემდეგ ნაკლები დიამეტრის მქონე  სხვა კემბრიკით მიამაგრებთ უკვე უშუალოდ სულ ბოლოზე.  

konnektor.jpg

ანკესის აწყობა-დაშლა

მოსაქნევი ტელესკოპური ჯოხის გაშლისას თანმიმდევრულად, მიბჯენამდე  უნდა გამოიწიოს მუხლები (ზედა მუხლიდან დაწყებული) . ამასთან, ყოველი მუხლი ოდნავ მაინც უნდა დატრიალდეს ღერძის ირგვლივ – ეს ნაწილობრივ  აღკვეთს მუხლების გაჭედვას. აწყობა ამის საწინააღმდეგო წესით ხდება. თუკი რომელიმე მუხლი მაინც გაიჭედა, შეეცადეთ, რომ სათევზაო მოწყობილობა არ ურტყათ მიწაზე, უბრალოდ მოაბრუნეთ მუხლები ისე, რომ ხელებით არ გაჭყლიტოთ თხელი ნახშირპლასტიკი. ასევე იყიდება სპეციალური საპოხები, რომლებიც თავიდან აგაცილებთ მუხლების გაჭედვას, თუმცა მუხლის ნორმალური მოვლისა და აკურატულად აწყობა-დაშლის პირობებში  ის იშვიათად იჭედება. თუკი ანკესის ტარის უკანა საცობი მყარია (მეტალის, მაგალითად) და შიგნით არ გააჩნია რბილი საფენი, თვითონვე უნდა გამოჭრათ ის თხელი  რეზინისგან ან ქაფისგან , რათა ანკესის   დაშლისას  მისი მუხლები (საცობზე დარტყმის გამო) არ დაზიანდეს.  

სტატია მაოამზადა თენგო ბინიაშვილმა

წყარო: http://fishline.ru

en_US